вторник, 16 июля 2013 г.

ძველი თარგმანებიდან-საკრალური,წმინდა ხუროთმოძღვრება


ჯოსერის პირამიდა
 ვისწავლოთ ადამიანების მიერ დატოვებულ საოცრებათა, წმინდა, საკრალური არქიტეტურის კითხვა იმიტომ რომ ყოველი ასეთი ნაგებობა ხუროთმოძღვართა და
მშენებელთა, დამკვეთთა და მოსარგებლეთა, მოკლედ მთელი წარმომშობი საზოგადოების ცოდნის, მსოფლმხედველობის ერთგვარი ენციკლოპედიაა.

გავეცნოთ კაროლინ ჰემფრის და პირს ვიტებსკის წიგნს «საკრალური არქიტექტურა» (Caroline Humphrey,Piers Vitebsky, L'Architecture sacrée,Albin Michel) პირველად ინგლისურად გამოიცა 1989 წელს).

შესავლის ავტორია Marie-Madeleine Davy
შესავალი:

საკრალურ არქიტექტურაში ადამიანი ცდილობს ღვთაებრივთან მიახლოებას ამ ძლიერი კონტაქტის შემცველი საგანგებო სივრცის შექმნის მეშვეობით.

ის როგორც წესი გვახსენებს საუკუნეების მანძილზე მათ თემებზე გაბატონებული ტაძრების, კათედრალების, მშვენიერი მიზგითების იდეას. ესაა ადამიანის მიერ მისი ღვთაბრივისაკენ სწრაფვის გამოხატვის ძალიან გავრცელებული საშუალება და ძვირფასი და მტკიცე მასალების გამოყენებამ შეიძლება ცხადად გამოხატოს ადამიანის მისწრაფება უკვდავებისაკენ. მაგრამ მარადიულობა ასევე შეიძლება გამოიხატოს დროებითი სტრუქტურების რეგულარული ნგრევითა და მათი განახლებით, რისი მაგალითიცაა იზეს სინტოისტური სალოცავი იაპონიაში თუ ცენტრალური ამერიკის ზოგი ტაძარი.

ცხადია რომ ეს წიგნი მთავარ ყურადღებას აქცევს აზიის,ევროპისა და ცენტრალური ამერიკის ურბანული,ქალაქური ცივილიზაციების ათასწლოვან უროთმოძღვრებას,მაგრამ მასში არის აფრიკის, ოკეანიის და ინდიელთა ჩრდილოეთი ამერიკის მაგალითებიც, რითიც აჩვენებს რომ საკრალური მშენებლობა არის საყოველთაო ადამიანური საქმიანობა. ის არაა დამოკიდებული აგურსა და ქვაზე და მიწის და ბალახის ყველაზე ეფემერულ ქოხებშიც კი მისი პრინციპები და მნიშვნელობები არაა დიდად განსხვავებული. შენობის საკრალურობა, სიწმინდე, მდგომარეობს არა მუდმივობაში, არამედ მის მიერ კონცენტრირებულ ან მატერიალიზებულ საკრალურობაში.

მრავალი არაინდუსტრიალიზებული საზოგადოება მთელ მათ გარემოს მიიჩნევს
საკრალურად-მაშ არც ერთ შენობას არ აკლია სიწმინდე, საკრალურობა. მსოფლიოს მრავალ ნაწილში ტაძრის ექვივალენტი არ არსებობს და ყოველგვარი კონტაქტი ღვთაებრივთან მყარდება ან ღია ცის ქვეშ ან ოჯახურ კერასთან.

გამორჩეული და რთული საკარალური შენობების მქონე საზოგადოებებშიც
სახლი ხშირად ინარჩუნებს მის სიწმინდეს.

ადამიანის რელიგიური ცნობიერების მრავალათასწლიანი არსებობის შემდეგ
მხოლოდ ბოლო ათასწლეულებში მიუძღვნეს ადამიანებმა დიდი ძალისხმევა და
უზომო რესურსები მონუმენტური ზიკურატების, პირამიდების, ტაძრების და ეკლესიების მშენებლობას. ამ ფენომენის წყარო ყველგან იყო ცენტრალიზებული სახელმწიფოს განვითარება და გაძლიერება. ღმერთები ალბათ ყოველთვის განსახიერებულები იყვნენ ლოკალურ ბელადებში და შამანებში, მაგრამ მეფეები და იმპერატორები იღებენ ღვთაებრივ ნიშნებს როგორც მეფობის და მართვის უფლებისათვის შინაგანად დამახასიათებელ ნიშნებს. ამის საპასუხოდ ღმერთებიც დაემსგავსნენ მეფეებს და ცაც კი გახდა სამეფო სასახლე. ეს სიმბოლიზმი ფუნდამენტურია დღევანდელ ქრისტიანობაშიც.

საშუალო აღმოსავლეთის ძველ ამეფოებსა და იმპერიებში, შუამდინარეთსა და ეგვიპტეში, მხოლოდ ტაძარი და სასახლე იყვნენ მონუმენტური და ხშირად ერთმანეთთან დაკავშირებული შენობები. მაგრამ სამეფო და ღვთაებრივ ძალაუფლებათა წონასწორობა ხშირად არამყარი იყო. ბოლო საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებით ევროპაში მეფეებმა დაკარგეს მათი ღვთაებრივობა და საკრალურის სივრცე შემოისაზღვრა სპეციფიურად რელიგიური ინსტიტუტებით. მაგრამ თანამედროვე საერო სახელმწიფომ მოქალაქეების გაკონტროლების უნარის შესანარჩუნებლად დაიბრუნა ღვთაებრივი მმართველობის მრავალი ატრიბუტი.


« არქიტექტურა» აუცილებლად არ გულისხმობს თანამედროვე პროფესიული მნიშვნელობით არქიტექტორების არსებობას. მშენებლობის გეგმები ცნობილია ძველი ეგვპტის და ბაბილონის ხანიდან, ხუროთმოძღვრების დიდი ტრადიცია შეიძლება დაცული იყოს ტრაქტატებში, როგორც ეს ინდოეთშია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ ყოველი ქოხი თუ ტაძარი არის აზროვნების, ორგანიზაციის და ღვთისმოსაობის,
მოწიწების ნაყოფი და რომ საკრალურ შენობათა მშვენიერება მნიშვნელო-
ბანწილად არის ანონიმ ხელოსანთა შრომის შედეგი. საბოლოო ანგარიშით მათი ავტორია მთელი საზოგადოება ან, როგორც ბევრსა სწამს, თვითონ ღმერთებმა
გაუმჟღავნეს ადამიანებს სიზმარში წმინდა გეგმები.     
2.‏
ხუროთმოძღვრება და კოსმოსი:

საკრალური არქიტექტურა ხელოვნების ყველაზე ამბიციური ფორმაა იმიტომ რომ ადამიანი ცდილობს დედამიწაზე, სამგანზომილებიან სივრცეში, აღდგენას ღმერთთა სამყაროსი, რომელშიც მორწმუნეები შეაღწევენ როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. მსოფლიოს სხვადასხვა ტრადიციაში და თეოლოგიაში საკრალური არქიტექტურა მუდამ ცდილობს სამყაროს მოდელების, სტრუქტურების და ორიენტაციათა განმეორებას.

ზოგი კულტურა საკრალურს პროფანულისგან,უმეცრისგან გამოყოფს გალავნით შემოზღუდული უაღრესად მარტივი ქოხით. სხვა ტრადიციებში ცისკენ აღმართულან და ამით მისტიკოსების, შამანების და წმინდანების სულიერი მოგზაურობის მატერიალიზაციას ახდენენ დიდებული კოშკები,ისრები თუ სტუპები ( ბუდისტური გუმბათიანი რელიქვარიუმები). მრავალი საკრალური შენობა ქმნის სცენას
დროთა საწყისის მორწმუნის ხანასთან დამაკავშირებელი მითებისა და რიტუალების განსამეორებლად რითაც ისინი აერთიანებენ დროსა და სივრცეს.

კოსმოსის, სამყაროს ანარეკლები:

უძველის ხანიდან ადამიანებს სჯეროდათ რომ არსებობს მათთვის ცნობილ
გარემომცველ სამყაროზე უფრო ვრცელი სამყარო. ცას ხშირად უყურებენ როგორც სრულყოფის სამეფოს და საკრალური ხუროთმოძღვრების დიდი ნაწილი მიზნად
ისახავს დედამიწაზე ამ სრულყოფის განმეორებას.

ხშირად სჯერათ რომ საკრალური ადგილები და ტაძრები დედამიწაზე წარმოადგენენ ცის ერთგვარ ფორმას. იერუსალიმი იზრაელში, ბენარესი ინდოეთში წმინდა ქალაქებად ითვლებიან იმიტომ რომ ისინი იმეორებენ ციურ პროტოტიპს. სრი რანგამის ინდუისტური ტაძარი სამხრეთ ინდოეთში ციდან იყო ჩამოტანილი მიწაზე ზუსტად ისევე როგორც მექას ქააბა მაჰმადიანებისთვის არის ციური ტაძრის ზუსტი სახე.

კოსმოსის ყველაზე კომპაქტური სახეა ინდუისტური მანდალა-სამყაროს სტრუქტურის წარმომადგენელი მანდალა რომელსაც იყენებენ რიტუალებში და როგორც მედიტაციის საშუალებას. მანდალა ჰორიზონტალურ პლანში ინდუისტურ ჯაინურ და ბუდისტურ სამყაროებში არის ტაძრის ქვედა ნაწილი. ის აერთიანებს წრეს (სიტყვა მანდალას საწყისი მნიშვნელობა),რომელიც გამოსახავს ზეციურ სამყაროს და კვადრატს, რომელიც დედამიწაზე ქმნის მატერიალურ სამყაროს. მისი მხარეები მიმართულია ქვეყნის 4 მხარისაკენ და ცენტრალური წერტილი წარმოადგენს მთა მერუს, კოსმიურ მთას და სამყაროს ღერძს.

მედიტაციაში მანდალა არის დიაგრამის ცენტრისაკენ, განათლებისაკენ,
ღვთაებრივი შუქის მიღებისაკენ მიმართული სულიერი მოგზაურობის საფუძველი.
ხუროთმოძღვრებაში ის არის ტაძრის ქვედა ნაწილი, რომელიც ასე იმეორებს სამყაროს სტრუქტურას და ასევე ხდება მედიტაციის სამგანზომილებიანი ინსტრუმენტი. თაძრის ცენტრში არის შინაგანი, მთა მერუს განმასახიერებელი კოშკით დაგვირგვინებული სალოცავი.

მანდალას პერსპექტივაში ზედაპირული განსხვავების მქონე სინამდვილის სხვადასხვა ასპექტს აქვს საერთო ფორმა. ბუდისტური ტაძარი ბორობუდური, რომელიც აგებულია მანდალას სრულყოფილი გეგმის შესაბამისად ერთდროულად არის სტუპა
(რელიქვარიუმი),საკურთხეველი, კოსმიური ღერძი,ბუდას სხეული და ბუდას მოძღვრება.

მრავალი ძველი ცივილიზაციის რწმენათა თანახმად საკრალურ ხუროთმოძღვრებაში კოსმოსის სტრუქტურის განმეორება მიწიერ საზოგადოებებს აძლევდა კანონების მოდელს და ამით შესაძლებელს ხდიდა ადამიანურ ცხოვრებას. ქალაქისადმი როგორც ტაძრისადმი მიყენებული ეს კონცეფცია ფაქტიურად ერთმანეთთან აიგივებდა სულიერ და პოლიტიკურ ხელისუფლებებს. ცენტრალურ ამერიკაში ქალაქს ხშირად გეგმავდნენ ზეციური ქალაქის მოდელის შესაბამისად. აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი აიგო ღვთაებრივი იდეოგრამის შესაბამისად, მაშინ როდესაც ათასობით ტაძრის შემცველი ტეოტიჰუაკანი მთლიანად იყო დიდი ტაძარი.

რომულუსმაც ( გაიმეორა ეტრუსკების წესი,მთარგმნელი) და ქალაქი რომი
დაარსა პალატინის მთის ირგვლივ კვალის გავლებით. ამ წრეს დაარქვეს სამყარო
( მუნდუს) და ის კოსმოსის მსგავსად გაყვეს ოთხ კვარტალად. რომაულ ხანაში ეს ლეგენდარული აქტი მეორდებოდა ყოველი ქალაქის დაარსებისას როდესაც ქურუმი ავგური მიწაზე ხაზავდა წრეს და მას ყოფდა კვარტალებად ქვეყნის ოთხი მხარისაკენ მიმართული ხაზებით. დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზი წარმოადგენდა მზის მოძრაობას,სამხრეთ-ჩრდილოეთის ხაზი- ცის ღერძს. ლოცვებით ის განავრცობდა ამ ორიენტაციას მომავალი რომაული ქალაქის მთელ ფართობზე ( მთლიანად ეს რიტუალი ეტრუსკული იყო; მთარგმნელი).

   3‏
ზეციური იერუსალიმი:

ებრაულ ნაწერებში (ძველი აღთქმა) წინასწარმეტყველი ეზეკიელი ხილვაში გადაყვანილი იქნა მაღალ მთაზე საიდანაც ანგელოზმა მას დეტალურად აჩვენა იერუსალიმის სოლომონის მომავალი ტაძრის თავისებურებები. ახალ აღთქმაში ზეციური ქალაქის იდეამ განიცადა ევოლუცია: ისაა ღვთაებრივი სრულყოფის მდგომარეობა რომელიც ოდესღაც არსებობდა დედამიწაზე და რომელიც ისევ დაბრუნდება ჟამთა დასასრულს. მისტიკურ წიგნ აპოკალიფსისში წმინდა იოანეც ანგელოზმა აიყვანა მაღალ მთაზე ზეციური იერუსალიმის საჩვენებლად.. მაგრამ «ქალაქი» ეხლა ნიშნავს ერთგულ მორწმუნე ქრისტიანთა თემს. «მეარ დამინახავს არც ერთი ტაძარი ქალაქში ვინაიდან ტაძარი იყვნენ უფალი ღმერთი და კრავი»,ამბობს იოანე. ქრისტეს პიროვნებაში მათი ფუნქციის განსრულების შემდეგ გაქრება საკრალური შენობებიც კი. ადამიანებს აღარ დასჭირდებათ
ადამიანურსა და ღვთაებრივს შორის ზიარების შუალედური სივრცე-ტაძარი

  4.‏
ზეციური ორიენტაციები:

საკრალური კონსტრუქციის ორიენტაცია იშვიათადაა შემთხვითი. ის შეიძლება
ორიენტირებული იყოს ხეზე,მდინარეზე, წარსულის წმინდა მოვლენის მიმართულებაზე, ან, უფრო ხშირად, მზის, მთვარის, ვარსკვლავების, პლანეტების მოძრაობაზე. ამ ორიენტაციას შეიძლება მთავარი მნიშვნელობა ჰქონდეს ადამიანთა მიწიერი სამყაროს და ღმერთთა ზეციური სამყაროს შეხვედრაში.

მრავალი საკრალური შენობა ბერძნული ტაძრებიდან მეგალითურ საფლავებამდე
და დერეფნებამდე პირით ამომავალი მზისკენ, სიცოცხლის და ძალაუფლების განახლების წყაროსკენაა მიქცეული. ქრისტიანულ ეკლესიათა უმრავლესობა გამოხატავს მსგავს იდეას.: შედიან დასავლეთიდან და მიდიან აღმოსავლეთით
მდგარი საკურთხევლისაკენ, წყვდიადიდან გადადიან ნათელში, სინათლეში,
სიკვდილიდან სიცოცხლეში. პირველი ინგლისური ეკლესიები ხშირად მსუბუქად გადახრილები არიან რეალური აღმოსავლეთისაგან,რაც აიხსნება ეკლესიის პატრონი წმინდანის დღესმზის ამოსვლის პოზიციით. ზუსტი ორიენტაცია შეგნებულადაა შეცვლილი რისი მიზანიცაა განსაკუთრებული მნიშვნელობის შექმნა. ზოგ ჯვრულ ეკლესიაშისაკურთხეველი ირიბადაა, რაც არის ჯვარცმული ქრისტეს გადახრილი თავის სიმბოლო.

ზეციური ორიენტაციები როგორც ჩანს რთულდება ქალაქების და იმპერიების ზრდასთან ერთად. ძველჩინური ქალაქების გეგმა შემუშავებული იყო კოსმოსის, სამყაროს ხატის შესაბამისად, ზეციური მერიდიანის თანახმად. ქალაქი ასე დედამიწაზე იმეორებდა ზეციურ წყობას და ცენტრში, პოლარული ვარსკვლავის პოზიციაში მეფის სასახლის მოთავსებით იმპერატორს აქცევდა ცენტრალურ პერსონაჟად. .შუმერიდან მექსიკამდე ძველი ქალაქები ხშირად პარალელს ავლებენ ზეციურ ორიენტაციებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას შორის.

ასტრონომიის და ხუროთმოძღვრების კავშირი ხშირად ძალიან დახვეწილი და ზუსტი იყო,როგრც ამაზე მოწმობს ცენტრალური ამერიკის ტაძრებისა და ობსერვატორიების ორიენტაცია ვენერასა და პლეიადების მოძრაობაზე. დიდი ეგვიპტური პირამიდების აერაციის ჭები შეიძლება ორიენტირებული იყოს ორიონის სარტყელზე.

აკრალური შენობები ზოგჯერ უშუალოდ წარმოადგენენ წელს: ინდოელთა ვედურ საკურთხეველში 360 აგური განასახიერებს ტრადიციული წრის დღეებს და 360 ქვა განასახიერებს ღამეებს. ზოგი ჩაფიქრებულია როგორც კალენდარი-ასე იყო ალბათ სტონჰენჯისა და ვაიომინგში მიწაზე ქვის ბლოკებით
გაკეთებული ბიგ ჰორნის მედიცინის წრის შემთხვევაში.

ინკების დედაქალაქ კუსკოში. მზის ტაძარი აღმართული იყო ქალაქის რიტუალურ
ცენტრში; მისგან გამოდიოდა 41 სხივი ისინი გადაკვეთდნენ ერთდროულად ასტრონომიულ და ინკების ისტორიის მოვლენებთან დაკავშირებულ ადგილებს. არემარეში იყო ინკას წლის დღეების რაოდენობის შესაბამისი 328 პუნქტი.

ამერიკელ ინდიელ პაუნითა მიწის სახლი:
ჩრდილოეთ ამერიკის ველების პაუნების აზრით მათი ყოველი სოფელი დაარსებული იყო ვარსკვლავის მიერ. მემკვიდრეობითი ბელადი არის ამ ვარსკვლავის წარმომადგენელი თემში. მიწის წრიული სახლი, სოფლის ცერემონიული ცენტრი, ორიენტირებულია ქვეყნის ოთხ მხარეზე და აგებულია ვარსკვლავებთან დაკავშირებული მითების შესაბამისად. ანტროპოლოგები პ.ნაბოკოვის და რ.ისტონის აღწერით მიწის სახლის იატაკი არის მიწის გარე დონეზე ერთი მეტრით დაბლა. იქ შედიან ფეხით დამრეცი ზედაპირით აღმოსავლეთიდან,სადაც ერთი ბურჯი წარმოადგენს დილის ვარსკვლავს, სინათლის, ცეცხლის და ომის ღმერთს. დასავლეთით განაპირას მდგარი ბურჯი წარმოადგენს საღამოს ვარსკვლავს, ღამის ქალღმერთს დილის ვარსკვლავი შესასვლელიდან თავისი სხივებით ყოველ დღე ანათებს სახლს და იმეორებს თავის პირველ კავშირს საღამოს ვარსკვლავთან,რის შედეგადაც გაჩნდა პირველი ადამიანი. . ჩრდილოეთით მდგარი ბურჯი ზრის პოლარული,მთავარი ვარსკვლავი, სამხრეთის ბურჯი, ირმის ნახტომი. დასავლეთის საკურთხეველი არის საღამოს ვარსკვლავის ბაღი,სადაც მუდამ აღდგენილია სიმინდი და კამეჩი. საკურთხევლის წინ არის შემოქმედი ღმერთი ტირავას ტახტი და ქოხის ცენტრში ამოთხრილი კერა არის ტირავას ღია პირი.რიტუალებს თან ახლავს საკრალური საგალობლები რომელთა კულმინაცია ემთხვევა შიგნით გადაადგილებული სინათლის უშუალოდ ცეცხლზე დაცემას (გაგრძელება იქნება).


    5‏
ჩიჩენ იცა (მექსიკა):

მაიათა ქალაქებიდან უდიდესი ქალაქი ჩიჩენ იცა მაიებს უნდა აეგოთ
დაახლოებით 600-830 წლებში. ის ალბათ 987 წლისთვის უნდა დაეპყროთ
ტოლტეკებს, რომელთაც მიატოვეს ჩიჩენ იცა 1200 წლისთვის, არასტაბილურობისა და ომების ხანაში.

ძველი ქალაქები და ტაძრები ხშირად დაახლოებით ორიენტირებული იყვნენ
ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძის თანახმად, ეს იყო ვარსკვლავებისა და პლანეტების მოძრაობის ღერძი. მეზოამერიკას უკიდურესობამდე მიჰყავდა ეს ორიენტაცია. ძოგჯერ მთელი ქალაქები იყო ზუსტად მოქმედი ასტრონომიული ინსტრუმენტები. სრულებით ბრტყელ ტერიტორიაზე გაშლილ ჩიჩენ იცაში არის ასტრონომიული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი: იდუმალი ასიმეტრიული ობსერვატორია კარაკოლი. ასტროარქეოლოგმა Antony Aven-მა გამოყო შენობათა სხვადასხვა ჯგუფი მათი ორიენტაციის შეაბამისად ,განსაკუთრებით აღმოსავლეთი გრძედის 17-22°-ით. ეს ორიენტაციები დაკავშირებულია პლეიადთა ჩასვლასთან, მზის ამოსვლასა და ჩასვლასთან ბუნიობათა დროს და გველთან გაიგივებული ვენერას მოძრაობასთან, საღამოს ვარსკვლავად მკვდარი და დილის ვარსკვლავად აღმდგარი კუკულკანის ფრთებთან. კარაკოლის აერაციის ჭები და ღიობები იყურებიან სხვადასხვა მხარეს და ქმნიდნენ ძალიან სპეციფიურ ასტრონომიულ ხედებს. მაია ასტრონომები საოცარ შედეგებს აღწევდნენ ბორბლის, ოპტიკური ინსტრუმენტების, საათების გარეშე. ისინი იყენებდნენ არქიტექტურულ საშუალებებს, მაგალითად ნაპრალებს კედლებში, რაც იძლევა შეუიარაღებელი თვალით დანახვის საშუალებას.

დიდი პირამიდა კასტილოს ძირში გამოქანდაკებული გველის თავი გამოსახავს
ღმერთ კუკულკანს; აცტეკთა კეცალკოატლის მაიათა გარკვეულ ანალოგს
(გაგრძელება იქნება).



საკრალური არქიტექტურა-6//13//, ქურმუხი, საინგილო, წმინდა მუხის, სამყაროს ღერძის, წმინდა გიორგის ადგილი‏

მამრეს მუხა
 6
 კოსმიური ბურჯი:
// ქართული და სხვა ხალხების  წარმოდგენებით სამყარო იყოფა 3 ნაწილად-ზესკნელად ანუ ციურ სამყაროდ,შუასკნელად ანუ ადამიანთა საცხოვრებელ დონედ და ქვესკნელად//, შუასკნელის ქვესკნელთან და ზესკნელთან ანუ სამივე დონის ერთმანეთთან   დამაკავშირებელი შვეული ღერძი უნივერსალურად ჩანს რწმენის სხვადასხვა სისტემაში. მას აქვს სამი დომინანტური სახე. მათგან უეჭველად ყველაზე ცნობილებია სამყაროს მთა და კოსმიური ხე; მესამეა ცეცხლი, რომლის ბოლიც ცისკენ მიემართება. არქიტექტურაში ბურჯი ხშირად წარმოადგენს კოსმიურ არქეტიპულ ღერძს, სხვა ობიექტების ბრუნვის ცენტრალურ ხაზს და და მათ ორიენტირს. ბურჯებს შეუძლიათ იდეების გამოხატვა ცენტრთან ურთიერთობის გარეშეც. ძველი ბერძნული სვეტები, მაგალითად, ალბათ
გამოხატავდნენ ღმერთებად დარჩენილი ხეების წმინდა ჭალებს. კოსმოლოგიური მნიშვნელობა აშკარაა ბურჯების მრავალ ფორმაში, ტოტემის ანძიდან რიტუალური კიბიდან და ლოტოსის ღეროდან ინდუისტთა ღმერთის ლინგამამდე (ფალუსამდე). კოსმიური ბურჯი აგრეთვე არის ისრებში და თავხეებში,შენობის შიგნით წარმოსახვით ხაზში თუ სახურავიდან აღმართულ ძაფში.

ბურჯი მიწას ( და ზოგჯერ ქვესკნელსაც) აკავშირებს ცასთან. მაგრამ სრულად გააზრებისათვის ანგარიში უნდა გაეწიოს მის საწყის კულტურულ კონ-
ტექსტს. ჩრდილო ამერიკის ტოტემთა ანძები, მაგალითად, კოსმიური ბურჯის ხატს აერთიანებენ კლანის წმინდა ემბლემებთან, ცხოველთა ცოცხალ და თამამ გამოსახულებებთან. ცისკენ სწრაფვით ისინი აცხადებენ იქვე ახლოს მცხოვრები ხალხის ისტორიული დიდების აკუმულაციას.

კოსმიური ღერძის ხატები განსაკუთრებით ძლიერია აზიაში,სადაც მათი საწყისია ძველი ინდოეთის კოსმოლოგია რომელიც სამყაროს ცენტრში აქცევს მთა მერუს. ინდოელთა ღმერთები ამ ღერძული მთით დღვებენ პირველყოფილ ოკეანეს და ასე იწყებენ სამყაროს შექმნას. მას ენათესავება მნიშვნელოვანი ხატი: გნომონი, ღერო რომელიც თავის ჩრდილს ჰფენდა მზის საათს. ძველ ინდოეთში გნომონი იყო ბურჯი და ასრულებდა ორ ფუნქციას: ის ჰფენდა ქვეყნის რეალური მხარეების დამდგენ ჩრდილებს და იყო «ბურჯით ცისა და მიწის ერთმანეთისგან გამყოფი» ღმერთთა მეფე ინდრას არქიტექტურული სიმბოლო. მერუს მთაც და გნომონიც არის შიხარაში, ტაძრის ცენტრალურ კოშკში. ტაძრის ყოველი
მშენებლობა,მაშ, არის გამოყოფის, ერთმანეთისგან დაშორების აქტის სიმბოლური განმეორება და დადასტურება. ეს იძლევა სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას. თავდაპირველი, საწყისი ქაოსის სხვადასხვა პლანად,ცად,დედამიწად და
ქვენა დემონური ძალების ზონად დაყოფის შემდეგ სამყაროს არსებობა შეიძლება გაგრძელდეს.

გუმბათის ფორმის მონღოლური საცხოვრებელი კარავი იურტას ფორმის სიმბოლიზმი სარგებლობს ქვეყნის ოთხ მხარეზე და სამპლანიან სამყაროზე დაფუძნებული კოსმოლოგიით. აქ ბურჯი უხილავია, მაგრამ არსებითია. იურტა შედგება წრიულ კედელზე დაფიქსურებული თექისგან და ცენტრალური ხვრელისაგან, ბეჭდისაგან გამომავალი სარებიანი ჭერისაგან. სარების გარე ბოლოები დაკავშირებულია კედლებთან. მათი შიდა ბოლოები ჯდებიან ბეჭედში. ორ ბურჯზე დაყრდნობილი ბეჭედი-ხვრელი ღია რჩება და გარეთ უშვებს ბოლს. ხაზი კერიდან ცამდე გადის ხვრელში და ქმნის ვერტიკალურ ღერძს და ქვეყნის ოთხი მხარე განისაზღვრება კერიდან. ერთდროულად წმინდა და საშინაო ცეცხლი დაცულია უწმინდურობებისაგან და აგრესიული აქტებისაგან: ის განასახიერებს ოჯახის უწყვეტ სიცოცხლეს. ყველაზე
უარესი წყევლაა «ჩაქრეს შენი ცეცხლი»-ყველა შთამომავლის დაღუპვის სურვი-
ლი. მშვიდ დღეში ცაში მიმავალი ბოლის მსგავსად ცაში ადის დალოცვის წყარო ლოცვები. ცა იღებს მსხვერპლს კერაზე შემწვარი ხორცის ორთქლის სახით.

იურტა არის ერთი არქეტიპის, სამყაროს იდეალურ ცენტრში მყოფი და ცის მწვდომი ღეძის მქონე გუმბათიანი ქოხის მაგალითი. მას,მიუხედავად ზოგჯერ განსხვავებული მნიშვნელობებისა, ვხედავთ მთელს აზიაში. ძველ ინდოეთში მისი ვარიანტი იყო ტაძრის ცენტრალური მწერვალის გადამხურავი გუმბათი. გუმბათი განასახიერებს როგორც ტყის მოხეტიალე ასკეტის ქოხს ისე კოსმიური ბურჯის ტანის კაპიტელს (საინტერესო იქნებოდა პარალელის გავლება უძველეს ქართულ წრიულ საცხოვრებლებსა და დარბაზს  შორის, დარწმუნებული ვარ რომ შეიძლება მოინახოს გარკვეული ანალოგია).

რიტუალური ხეები:

მთელი მსოფლიოს მშენებელთა შთაგონების გავრცელებული წყარო, ხე, სამშენებლო მასალის გარდა იძლევა ხატთა დიდი სიმდიდრეს: შვეულობა თუ სიმტკიცე,გაშლილი ტოტები, აღმავალი წვენი, ძალა, მაცოცხლებელი ხილი. ძვ.წ. I საუკუნის რომაელი აქიტექტორი ვიტრუვიუსის თანახმად პირველი სვეტები იყვნენ ხეები.

ხე ფუნდამენტური ხატია შამანურ რელიგიებში. გამოცდილი ვიზიონერი შამანი ტრანსში დაფრინავს სულებით დასახლებულ სხვა სამყაროებში. შუა აზიაში რიტუალური ამაღლება ხშირად აღწერილია როგორც ასვლა სამყაროს სხვადასხვა დონის
გამომსახველი 7 თუ 9 ტოტის მქონე კოსმიურ ხეზე. ჩრდილოეთ ამერიკაში კვაკიუტლები ავითარებენ კედარის 12 მეტრიან და ზებუნებრივი ძალის მიმნიჭებელი წითელი კედარის ქერქის მქონე «კანიბალ ბურჯს». სახლის სახურავის გადამკვეთი, ის წარმოადგენს ცათა მზიდ სპილენძის ბურჯს. შამანი შორეულ სამყაროებში შესაღწევად რიტუალების დროს ადის ამ ბურჯზე. ბურჯი არის აგრეთვე ღმერთი ბაქსბაკუალანყქსიწაეს (მდინარის შესართავთან ადამიანის მჭამელი) სიმბოლო. ტოტემთა ანძის ხატიც შეიცავს ანალოგიურ ასოციაციებს ხეებსა და ღვთაებებს თუ სულებს შორის (თემის დასასრული და შემდეგი გაგრძელება იქნება).

     //ქურმუხიც, ქურ-მუხი, მუხასთან, ხესთან დაკავშირებული ხატია. მუხა ქართულ თქმულებებში წმინდა გიორგისთან დაკავშირებული ხეა. მთელი საქართველო იყო მოფენილი წმინდა მუხებთან დაკავშირებული ადგილებით. მარტო ჭყონდიდის ანუ დიდი მუხის //სამეგრელო// და ქართლის რკონის გახსენებაც კმარა. სამეგრელოდან ჰერეთამდე საქართველო მოფენილია წმინდა ხეებით რომლებმაც ქრისტიანულ ხანაში შეიძინეს ახალი და სხვა მნიშვნელობა და ძალა...//მთარგმნელი//. ხეც მიწის ცასთან დამაკავშირებელი ღერძია, ქურმუხიც მიწას, ადამიანთა სამყაროს აკავშირებს ციურ, ღვთაებრივ სამყაროსთან...


    7.‏

1                                 
გოთური ისარი :

გოთური სტილის მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია ვერტიკალური სტრუქტუ-რები. თაღები და კამარები, არკბუტანები,კამარები თაღების გადაჯვარედინებაზე და ისრები მიისწრაფიან ზევითკენ,ცისკენ. პარიზთან ახლოს არსებულმასენ დენის ეკლესიამ 1144 წელს გააერთიანა ეს ნიშნები. პირველმა დიდმა გოთურმა ისარმა შეამკო შარტრის კათედრალის ( 1194-1220) სამხრეთი კოშკი. მაგრამ მშენებლობის საშიში ხასიათისა და სიძვირის გამო მეტი ისარი იყო ჩაფიქრებული და ნაკლები განსრულდა ( შარტრს უნდა ჰქონოდა 6 ისარი და დღეს კი აქვს 2).

ბერძნული ტაძრისთვის დამახასიათებელი ჰარმონიისაგან განსხვავებით
გოთური კოშკი იყენებს წვეტიან ნერვიურებს,წყვეტილ ხაზებს და წამახულ
ფორმებს და ასე გამოხატავს რელიგიურ მისწრაფებას. არქიტექტურის ისტორიკოსინიკოლაუს პევზნერის თქმით გოთურმა არქიტექტურამ მიაღწია არამყარ წონასწორობას ვერტიკალსა და ჰორიზონტალს შორის. ყველა ელემენტის კულმინაციური პუნქტი ისარი ლოღიკური აუცილებლობაა მიწაზე დაწყებული ზესვლის ეფექტის დასასრულებლად. ზევითკენ სწრაფვისა და ჰორიზონტალური წევის წონასწორობა და კონტრასტები გვახსენებენ სიწმინდისკენ მსწრაფი ქრისტიანის სულის დაძაბულობას.

პაგოდები:
პაგოდა არის ბუდისრური სტუპას განვითარება შორეულ აღმოსავლეთში.
ტაძართან დაკავშირებულ ჩინურ პაგოდაში დაბლა არის ბუდას ქანდაკება;
მაღლა კრიპტაში არის დამარხული საუნჯე. პაგოდა შეიძლება ამოთხრილიც და მრავალსართულიანიც იყოს. მას შეიძლება ჰქონდეს ქანდაკებათა სერია ან ერთადერთი, მრავალი სართულის გადამკვეთი გიგანტური ქანდაკება.

თანდათანობით შემცირებადი სახურავებისა და ბალკონების ელეგანტური მიმდევრობა ალბათ გამომდინარეობს ინდური სტუპების მიერ XI საუკუნისათ-
ვის მიღებული 13 დისკი თუ «ქოლგისაგან». მაგრამ პაგოდას პროტოტიპი შეიძ-
ლება იყოს ადგილობრივ საოჯახო საცხოვრებელ სახლში: ერთადერთი კვადრატული ოთახი სასწავლო და კვლევის დარბაზით დაბლა და ბეღელით მანსარდაში.

პაგოდები ხშირად განლაგებულია სტრატეგიულ ადგილებში. მათ ადამიანების სამყარო უნდა დაიცვან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მომავალი დემონებისა და
ბოროტი ძალებისაგან. კოსმიური მნიშვნელობა შეიძლება აღნიშნული იყოს
სართულების კენტი, რაოდენობით (როგორც წესი 7,9,13 სართული, რაც დაკავშირებულია სამყაროში ცათა რაოდენობასთან). ბოლო საუკუნეებში პაგოდები ასრულებდნენ მრავალ ფუნქციას ( სადარაჯო კოშკი, ქალაქის ხელისუფალთა პომპის და ძალაუფლების აღნიშვნა).

იაპონურ პაგოდას როგორც წესი აქვს კვადრატულ ბაზისზე უფრო ფართო ხუთი სახურავი,რაც სრულდება ისრით.


       8.‏
ტაძარი-მთები:


მრავალ სარწმუნოებაში ცისკენ მსწრაფად მიჩნეული მთები ხშირად ითვლება საკრალურებად და ღმერთების საცხოვრებლად. მთა კილიმანჯარო წმინდაა აღმოსავლეთ აფრიკის მასაებისათვის, ისევე როგორც ოლიმპო ოდესღაც იყო ბერძნებისთვის. ინდუისტები,ბუდისტები და ბონ პოს, ტიბეტის ძველი შამანური რელიგიის მიმდევრები თაყვანს სცემენ მთას კაილაში ჰიმალაებში : მისი ოთხი პირი ნათლად ჰგავს ქვეყნის ოთხ მხარეს  მიმართული ოთხი პირის მქონე მითიურ მთა მერუს. იქ სადაც თვითონ მთები არაა წმინდა ისინი პოტენციურად არიან ღმერთების გამოჩენის ადგილები. ბიბლიურ ტრადიციაში იაჰვე მოსეს გამოეცხადა სინას მთაზე. ადგილთა ეს ტიპი ხშირად აღნიშნულია ტაძრით,
როგორც ჩინეთში ტაოიზმის 5 საკრალური მწვერვალი.


სამყაროს ხატი მიწაზე მთა შეიძლება აგრეთვე ასახავდეს ამ სამყაროს ცენტრალურ მთას. ძველი შუამდინარეთისა და ეგვიპტის მორწყულ მიწებზე ის ხშირად გამოსახავდა საწყისი წყლებიდან ამოზრდილ მითიურ ბორცვს. სახელი
«ზიკურატიც» მომდინარეობს ბაბილონური სიტყვიდან რაც ნიშნავს მთის მწვერვალს.


ინდუისტური და ბუდისტური ტაძრის ზოგ ფორმაში კოსმიური მთის თემა თანდათან უფრო ნათლად გამოიკვეთა. მარტო უბრალო საკურთხეველსაც შეეძლო მთის სიმბოლოს ფუნქციის შესრულება, მაგრამ ის ხშირად გამოკვეთილი იყო საკურთხევლის ტერასის, სალოცავის თუ სტუპას და ბოლოს მთელი ტაძრის შემქნმნელ, თანდათანობით შემცირებულ სართულებად ამ ელემენტების დამატებით.


ეს ტაძრები მათი განმეორებადი ორნამენტაციით გვახსენებენ მთების ჯაჭვს. ცენტრალურ ამერიკაშიც ერთადერთ პლატფორმაზე აღმართული მაიას
ტაძრები განასახიერებენ ტყეზე გაბატონებულ მთების ჯაჭვს.


კამბოჯაში ანგკორის ტაძრების გეგმა გამოსახავს ინდური სამყაროს კონცენტრიულ წრეებს რომლებზეც ბატონობს ცენტრალური მთა მერუ. მერუსთან მსგავსებისთვის ხაზგასასმელად აფიონის ბაზისი ანგკორ თომში დამალულია მიწის ქვეშ. კოსმიური ღერძის მსგავსად ეს ეს ტაძარი ადგას ქვესკნელიდან ზესკნელისკენ მიმავალ გზას და გადაქკვეთს შუასკნელს, ადამიანთა სამყაროს.


სულის, ღმერთების სამეფოში ასვლაში დასახმარებლად მთაზე შეიძლება იდგეს
უფრო მაღლა მიმავალი კიბე. . პატარა კლდეც კი იქნება ცისკენ სწრაფვის საფუძველი. სოლომონის ებრაული ტაძრის საფუძვლის კლდე ეხლა არის მაჰმადიანთა სალოცავის გულში. სწორედ იქიდან ავიდა მუჰამედი სინათლის კიბით და გადაკვეთა შვიდი ცა ალაჰამდე მისაღწევად.


მთა და მღვიმე :


მთის სიმბოლიზმი ბუდისტურ და ინდუისტურ არქიტექტურაში ხშირად უკავშირდება საშოს (გარბა) თუ მღვიმის სიმბოლიზმს. ბუდისტური სტუპას შიგნით
კოსმიურ «კვერცხად» წოდებული მღვიმე ხაზს უსვამს იქ მყოფი რელიქვიების
აღმდგენელ ძალას. ინდუისტურ ტაძარ-მთაში შეიძლება იყოს მღვიმეების იმი-
ტაცია სივრცეები. ნაშნაში ( რაჯახსტანი) პარვატის ტაძრის (ა.წ.465) ფასადების ორნამენტები წარმოადგენენ კლდეების გროვას და ველური ცხოველებით სავსე
მღვიმეებს. საშოს, ხელახლა დაბადების დაპირების შემხსენებელი ეს მთის მღვიმე აკლდამს,პირამიდის და მავზოლეუმის ფორმით ჩანს მთელ მსოფლიო-
ში. ტეოტიუაჰაკანის მზის პირამიდის ქვეშ გადარჩა უფრო ძველი ხალხის წმინდა მღვიმე,აცტეკებს ის უნდა ჰგონებოდათ მათი მითიური აკვანი.

  • 9.‏

  
Pièce jointe

    9.‏
ბორობუდური (იავა) :

ა.წ. VIII საუკუნეში დაწყებული ბორობუდურის ბუდისტური ტაძარი უეჭველად არის ტაძრის როგორც მთის ყველაზე დახვეწილი ხუროთმოძღვრული გამოხატულე-
ბა. პატარა ბორცვის მწვერვალზე აგებული ბორობუდური ქმნის ძლიერების შთა-
ბეჭდილებას არა რაღაც ძლიერი სწრაფვით ცისკენ არამედ თავისი უზომო მასით,
შემკულობით და მნახველის კარგად ორგანიზებული თანდათანობითი ასვლით ზემოთ.

ისევე როგორც ანგკორის (კამბოჯა) და )პაგანის (ბირმა) ანალოგიურ ტაძრებში მისი ქვედა ნაწილი მისდევს მანდალას (კოსმიური დიაგრამის) გეგმას ქვეყნის ოთხ მხარეს მიმართული მხარეებით. კვადრატულ საფუძველზე აღმართულია ხუთი კვადრატული და შემდეგ სამი წრიული ტერასა. პირველ ოთხ კვადრატულ ტერასას შემოუყვება ბარელიეფები; წრიული სართულები შემკულია მთლიანობაში 72 აჟურული სტუპათი და მწვერვალს აგვირგვინებს დიდი მასიური სტუპა. ყოველი მხარის ცენტრში არის ქვის კიბე.

მთელი ტაძარი არის ქვაში ბუდისტური მეტაფიზიკის გამოხატულება,რაც მორ-
წმუნის მიერ განთავისუფლების ძიებას უწევს ხილულ და განცდისეულ დახმა-
რებას. მლოცველი არ შედის მთის შიგნით, როგორც ეს ხდება ინდუისტურ და
ეგვიპტურ ტაძრებში ის ადის გარედან და ჩვენი ჩვეულებრივი სამყაროს ილუსტრა-
ციებიდან ის ზედა ტერასებზე აღწევს შინაგან ხილვამდე. მოგზაურობა კოსმიური ღერძის მწვერვალზე არის აგრეთვე მოგზაურობა ბუდიზმის უმაღ-
ლესი ხილვისაკენ.
     10.‏
ღმერთთა საცხოვრებლები:

საკრალური შენობა გამოხატავს ფუნდამენტურ პარადოქსს. ღმერთები არიან დედამიწაზე არსებულში მყოფი ცოცხალი ძალა და მიუხედავად ამისა არ არიან ამ მიწიდან. ისინი ერთდროულად არიან როგორც მათ ხატებში და საკულტო ობიექტებში ისე ხილული სამყაროს მიღმა ( ტრანსცენდენტურნი). ჩვენ შეიძლება შევხვდეთ ღმერთებს შენობაში, მაგრამ თუ კი ღმერთებს შეუძლიათ რელიქვიების როგორც თაყვანისცემის ობიექტების და მათი ყოფნის ნიშნების დატოვება რელიქვიებს არ ძალუძთ ღმერთების დატევა. საკრალური არქიტექტურა ნაწილობრივ არის ღვთაებრივი ყოფნის, მისი ბუნებით მოუხელთებელი არსის დაკავების მცდელობა.

მონოთეისტური რელიგიები ხაზს უსვამენ ღმერთის არამატერიალურ, ტრანსცენდენტურ ბუნებას. ეს ასპექტი ისლამში და იუდაიზმში ხაზგასმულია მიზგითში თუ სინაგოგაში ღმერთის ხატის არყოფნით. თუ კი ქრისტიანულ ეკლესიას ჰქვია «ღმერთის სახლი» ეს არ ნიშნავს იმას რომ ღმერთი ცხოვრობს ეკლესიაში. ეს ნიშნავს იმას რომ ეკლესია საუკეთესო ადგილია ღმერთის შესახვდრად.
სინაგოგები, მიზგითები და ეკლესიები არ არის სახლები ღმერთისათვის, როგორც ესაა მრავალ სხვა რელიგიებში. სინაგოგები, ეკლესიები და მიზგითები არის ღმერთის ხალხის, მორწმუნეთა თემის სახლები.

პოლითეისტურ, მაგ.ინდუისტურ თუ ძველბერძნულ კონცეფციებში ტაძრები განასხვავებენ და იფარებენ სხვადასხვა ღმერთს. ზოგი რელიგია ტრანსცენდენტურობის ცნებას უკავშირებს საცხოვრებლის უფრო კონკრეტულ იდეებს. ეგვიპტელი ქურუმები ცელაში ყოველ დღე ბანდნენ და კვებავდნენ ღმერთის ქანდაკებას.
იაპონიაში ბუდისტური ტაძარი იფარებს კონგრეგაციას მაგრამ შინტოს სალოცავები
იფარებენ ღვთაებებს (კამი-ებს) და მორწმუნე ხშირად იქ არ შედის. ღმერთები არიან ამ სამყაროში, მაგრამ ისინი არ არიან ყოველთვის და ყველგან. მათი საკრალურ შენობაში ცხოვრებისასაც კი მათი ყოფნა უფრო ინტენსიური შეიძლება იყოს გარკვეულ დღეებში და რიტუალების დროს. შინაგანი ყოფნის იდეა ხაზგასმულია ქანდაკების თუ რელიქვიის გატარებით ტაძრის, ქალაქის თუ ტერიტორიის ირგვლივ და ის განსაკუთრებით ძლიერი ჩანს როდესაც ტაძარი გაიგივებულია სასახლესთან საიდანაც ღვთაება გამოდის თავისი სამეფოს სანახავად. ზოგჯერ, როდესაც ქალაქი მტერს ალყაში ჰყავს მოქცეული, ღმერთი რომ არ წავიდეს მის ქანდაკებას აბავენ ხოლმე ტაძარში, მის ადგილზე.

ინდუისტური ტაძრის შინაგანი სალოცავი:
მრავალი ინდური ტრადიცია წარმოადგენს ღვთაებებს ადამიანური ფორმით.
ამის მაგალითებია კრიშნა და მისი მეუღლე რადჰა; ტაძარი,მაშ,ხდება მათი სახლი. მათი ხატები მოთავსებულია კარებების და ფარდების მქონე სალოცავებში რათა ისინი მოექცნენ ინტიმურ გარემოში ღამითა თუ დასვენების დროს,დგას პატარა საწოლიც. რიტუალები იმეორებენ ღმერთის ყოველდღიურობას, გაღვიძებას, ჩაცმას, აბაზანას, ჭამას და ტაძარში არის რაფინირებული ტანისამოსის და სამკაულთა კოლექცია.

დიდ ტაძრებში ღვთაებები მათ რეზიდენციებს უყოფენ თავის მსახურებს:
ასკეტებსა და ქურუმებს;გალავნის შიგნით, მაშ, არის საერთო საწოლი ოთახები
(დორტუარები)- გასულ სააუკუნეებში ფაქიზად ნაქანდაკევი და მოხატული ხის შენობები ან თანამედროვე ბინათა ანსამბლები. მიმსვლელებისთვის გათვალისწინებულია სასტუმრო სახლები და დიდი ადგილი ეთმობა დიდ დღესასწაულებზე მისულ ბრბოთა სათანადო დახვედრას. მრავალ ტაძარს აქვს სამზარეულო, სასადილო ოთახები, ბოსლები ტაძრისათვის რძის მიმცემი ძროხებისთვის. მთელი საკვები მცირე სიმბოლური რაოდენობით პირველ რიგში ეძლევა ღვთაებებს და შემდეგ მას წმინდა ნარჩენების (პრასადი) სახით ჭამენ მორწმუნეები.

    11


ადგილის შერჩევა:


წმინდა, საკრალური ადგილი ჩვეულებრივი ადგილისაგან განსხვავებული ადგილია. წმინდა,ღვთაებრივი ყოფნის ადგილებად,მაგალითად, შეიძლება ითვლებოდეს წყარო ან მთის მწვერვალი. მრავალი ინდუისტური ტაძარი აგებულია ორი მდინარის შეერთების ადგილას, განსაკუთრებით ხელსაყრელ ადგილას. ადგილი ნაკურთხი, განწმენდილი, საკრალიზებული იქნება აგრეთვე მომხდარი მოვლენებით თუ გარკვეული რიტუალების შესრულებით.


ადგილის წმინდა, საკრალური ბუნების აღსაქმელად ადამიანებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე განსაკუთრებული მგრძნობიარობა თუ უნარი,მზაობა. საკრალური ადგილის ამოცნობის ყველაზე დახვეწილი სისტემა არის ჩინური ფენგ შუი,რომელიც ეფუძნება პეიზაჟში არსებულ ფარულ, იდუმალ ძალებს. ეს ძველი ჩინური ტრადიცია მშენებლობის ადგილს განიხილავს მის გარემოსთან ყველაზე ჰარმონიული დამოკიდებულების შესაბამისად. ის მჭიდროდ უკავშირებს ერთმანეთს ადგილისა და შენობების სულიერ თვისებებს და გავლენას ახდენს როგორც ტაძრების ისე საფლავების, საცხოვრებელი სახლების, კაბინეტების ადგილის შერჩევაზე. პეკინის აკრძალული ქალაქი მთლიანად განლაგებული და დაგეგმილი იყო ფენგ შუის პრინციპების შესაბამისად.

ფენგ (ქარი) საკავშირებულია აბსტრაქტულ,შეუხებად ძალებთან და შუი
( წყალი) დაკავშირებულია ფიზიკურ, ხელშესახებ გარემოსთან. ფენგ შუი იკვლევს 
ამ ძალების ურთიერთგავლენას. ჩინელთა შეხედულების თანახმად სამყარო შედგება პოზიტიური ენერგიები ქი (სუნთქვა, ჰაერი თუ ნაკადი, დინება,წარმოითქმება როგორც ში) და ნეგატიური ენრგიები შა-საგან. ფენგ შუი მიზნად ისახავს ქის მდინარებისთვის ხელის შეწყობას და შას მდინარების თავიდან აცილებას.
ქარი გვის ქის, ქი მიაქვს წყალს და რომელიმე მათგანის ექსცესი განფანტავს სასიკეთო გავლენებს. თუ კი სახლი აიგო მეტისმეტად წყნარ ადგილას მსუბუქი მღელვარების შესაქმნელად ქმნიან ქარის დერეფნებს ან გამდინარე წყლის თევზის აუზს. ქის ვიტალური, სასიცოცხლო ძალა არაა სტატიური, ის მუდამ მოძრაობს პეიზაჟშიც და ადამიანის სხეულშიც.

ფენგ შუის თეორია შეიძლება დაიყოს სკოლებად:

ასტროლოგიურ და ნუმეროლოგიურ ანგარიშზე დაფუძნებული კომპას-ის (ჩომპას) სკოლა და ფორმათა მნიშვნელობებზე და სიმბოლოებზე დაფუძნე-
ბული ფორმათა სკოლა. პრაქტიკაში მრავალი ექსპერტი ახდენს ორივე სკოლის კომ
ბინაციას. მისი ზოგადი მიზანია გარეგანი და შინაგანი ძალების,ადამიანისა და გარემოს ჰარმონიის შექმნა.

კომპასის სკოლაში არსებითია 5 ელემენტის (ხე,ცეცხლი,მიწა,ლითონი და წყალი) პრინციპი. ყოველი ელემენტი ასოცირებულია პეიზაჟის,ფორმებთან, შენობებთან და ინდივებთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ თვისებებთან.
5 ელემენტი შეესაბამება ხუთ მთავარ წერტილს (აღმოსავლეთი,სამხრეთი, ცენტრი, დასავლეთი, ჩრდილოეთი) რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებულია ასტრო
ნომიის ცხოველებთან და სპეციალურ ფერებთან.

ფორმის სკოლაში მთავარი მნიშვნელობა აქვთ პეიზაჟის და შენობების ფორმებს. ბრტყელი, ტალღოვანებას და ბორცვებს მოკლებული ტერიტორია უსიცოცხლოა და მას აკლია ქი. ჩინელები მთებსა და ბორცვებს უწოდებენ დრაკონებსა და ვეფ

ხვებს ( დრაკონი უფრო დიდია). ორივე ურთიერთშემავსებელია და მათი ამოცნო

ბა პეიზაჟში მნიშვნელოვანია. შენობებს აღმოსავლეთით უნდა ჰყავდეთ დრაკონი და დასავლეთით-ვეფხვი. საუკეთესო ადგილას ერთი ბორცვის უკან გრძელ 
დება მეორე და ისინი განასახიერებენ ერთმანეთს გადახვეულ დრაკონსა და ვეფხვს.


                            

     12.‏
 შენობის იდეალური ფორმაა სტაბილურობის და გამძლეობის განმასახიერებელი კვადრატი. L-ს მსგავსი ადგილები არასტაბილურადაა მიჩნეული.  ვიწროფასადიანი და უკან გაფართოებული შენობა ნიშნავს კეთილდღეობას, მრავალრიცხოვან შთამომავლობას. მახვილკუთხიანი კუთხეებში  არის ავადმყოფობის მოტანის პოტენციის მქონე შას დაგუბებულ-დამყაყებული ზონები.

რომელიმე ადგილის საკრალური პოტენციალის გასაძლიერებელ სპეციალურ ტექნიკებს იყენებენ სხვა კულტურებიც. კალახარის უდაბნოში ბუშმენები ჰეიკუმები მათ ბანაკს ტრადიციულად აგებენ საკრალური, წმინდა ხის ირგვლივ და წმინდა ხე ამდენად ხდება ბანაკის ტერიტორიის ცენტრი. ბელადი აღიარებს ხის საკრალურ ბუნებას იქ თავისი საკუთარი ქოხის აგებით და ხის ძირში წმინდა კოცონის დანთებით; სხვები ნახევარწრედ ეწყობიან ხის მეორე მხარეს. როდესაც ირჩევენ ინდუისტური ტაძრის ადგილს ვასტუპურუშა მანდალა გარდაქმნის მის ბუნებრივ თვისებებს და მათ ანიჭებს კოსმიურ და უნივერსალურ მნიშვნელობას.
საკრალური, წმინდა ადგილი შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს. ეგვიპტური ტაძარი განასახიერებდა წყლით გარშემორტყმულ ტალახის ბორცვს და ლერწმის პირველი ტაძრები უეჭველად იგებოდნენ ყოველწლიური წყალდიდობიდან ამოზრდილი ამ ტიპის კუნძულებზე. მაგრამ შემდეგ ქვის ტაძრები, რომელთა არქიტექტურაც იმეორებდა საწყის ბორცვს აგებული იყო წყალდიდობის ხაზის ზემოთ მყარ საფუძველზე.

ადგილი წმინდა, საკრალური შეიძლება გახდეს მოვლენის, მითიური თუ ისტორიული ქმედების შედეგად. ყოველივე ამას ადამიანი პასუხობს იქ საკრალური კონსტრუქციის აგებით. ინდუისტთა ქალღმერთისადმი მიძღვნილი ზოგი მთავარი ტაძარი აგებულია იმ ადგილას სადაც მისი სხეულის ნაწილები ჩამოვარდა მისი თვითმკვლელობისა და დაშლის შემდეგ.

ბუდიზმში და ქრისტიანობაში მნიშვნელოვანია რელიქვიების კულტი და სალოცავები ხშირად აგებულია რომელიმე წმინდა პიროვნების ცხოვრების ადგილზე. ბუდას ცხოვრების დიდი ადგილები აღნიშნულია სტუპებით ისევე როგორც წმინდანთა და მარტვილთა ცხოვრების და სიკვდილის დიდი ადგილები აღნიშნულია სალოცავებით. პირველ სტუპებში იყო ბუდას სხეულის რელიქვიები და ქრისტიან წმინდანთა აკლდამებში საკურთხეველში ზოგჯერ არის წმინდანის ბალზამირებული სხეულები.

მთავარი რელიგიური მოვლენები ხშირად ხდება უკვე სულიერად ძლიერ ადგილებად ცნობილ ადგილებში. აქ აშენება არის ადგილის სულიერ ძალასთან დაკავშირება და შენობის სიმტკიცე და რიტუალების განმეორება ხელს უწყობს ამ ძალის განმტკიცებას და გახანრძლივებას, საკრალური დროისა და სივრცის გაერთიანებას.

მსოფლიოს ზოგი უძლიერესი წმინდა ადგილის დამახასიათებელი ნიშანია შენობების გაზრდა ან მათი შეცვლა ახალი შენობებით. ამ ობიექტებზე და ამ მოვლენებზე ყურადღების კონცენტრაციით წმინდა ადგილი იქცევა სულიერ მაგ-
ნიტად რომელიც ადამიანს არწმუნებს ადგილის მიერ მუდამ მზარდი საკრალური ძალის აკუმულაციაში და თავიდან მოკრძალებული სალოცავი იზრდება მის მიერ თავისი ეფექტურობის დადასტურების შესაბამისად. ეს შეიძლება შტამბეჭდავი იყოს სალოცავი მოგზაურობების ისეთ ადგილებში როგორიცაა მკურნალობის ძალითა და აღსრულებული ლოცვებით სახელგანთქმული ლურდი. იმ ადგილზე სადაც ყოველი განკურნება ადასტურებს XIX საუკუნეში წმინდა ბერნადეტას ხილვის ძალას დღეს ბატონობს სამი ეკლესია და დიდებული ბაზილიკა.

რომელიმე ადგილის საკრალური ძალა შეიძლება გადარჩეს და გაიზარდოს რელიგიური და პოლიტიკური რევოლუციის მიერ გამოწვეული არქიტექტურული ცვლილებებით. გარკვეული რწმენა შეიძლება უარყონ,მაგრამ ადგილის ძალა ისევ აღიარებული შეიძლება დარჩეს.

საბჭოთა რეჟიმმა ხელი ჩაავლო მოსკოვის კრემლის სულიერ აურას და მატერიალურ ფორტიფიკაციებს. მის კედლებზე საფეხურებიანი პირამიდის აგებით და იქ მუმიად ქცეული ლენინის სხეულის მოთავსებით მან რელიქვიების კულტი მოაქცია ათეისტური სახელმწიფოს გულში.

რიტუალური იერარქია:

საკრალური შენობა თავისი მდებარეობით ხშირად ბატონობს დასახლებაზე.
კათედრალი აღმართულია მის პერხთით გაშლილი ეპარქიის თავზე და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სოფელზე ბატონობს ელადის სახლი-ტაძარი. ეს მიდგომა ჩანს კულტურათა უდიდეს ნაწილში. Iნდონეზიის კუნძული ნიასის ტრადიციულ კულტურაში სოფლის წყობა ეთანხმება ბელადების ხელმძღვანელობით არსებული რთულ სოციალურ იერარქიას. ის შექმნილია ორი ფართო ქუჩის გადაკვეთით. მათ გადაკვეთაზე დაწყობილია საძირკვლის ქვები,საკრალური მეგალითები და იქვეა ბელადის სახლი. ამ კულტურაში ვერ ნახავთ ცალკე მდგომ ტაძრებს : სოფლელების მოვალეობა უფროა მათი სოციალური სტატუსის ამაღლება ქვის მონუმენტების აღმართვით და ღირსების,ღვაწლის დღესასწაულების გამართვით -რიტუალური პროცესი სრულდება «დიდი სახლის» აგებით.

ბელადის მასიური სახლი თავის რიტუალურ სტატუსს ადასტურებს მთელი სოფლის მაღლა,მის თავზე ყოფნით. მასთან უფრო ახლოს მდებარეობენ და სხვა სახლებზე უფრო მაღალია წარჩინებულთა სახლები. სახლების მდებარეობა და სტილი, სიმაღლე და წყობა ცხადად ლაპარაკობს სოციალური და რიტუალური რანგების განსხვავებაზე .

    13.‏
მითიური განზომილება:


მითი თანამედროვეობას ხსნის წარსულიდან გამომდინარე და წარმოადგენს სამყაროს ფენომენების ახსნას წარმომავლობის,საწყისი მოვლენების შესაბამისად. მას შეუძლია საკრალური შენობის სტრუქტურების და იქ აღსრულებული რიტუალების ფარული, სიღრმისეული მნიშვნელობების ახსნა. ჩვენ სწორედ მითის მეშვეობით ვიგებთ იმას რომ ტაძარი ასახავს კოსმოსის, სამყაროს წესრიგს.


საკრალური, წმინდა შენობა შეიძლება იყოს მითიური მოვლენების განმეორების და ამ მითების მიერ გამოხატულ ჭეშმარიტებათა გაცხადების ადგილი. ვედურ ინდუიზმში მსხვერპლის მისატანად განკუთვნილი საკურთხევლის კურთხევა იმეორებს შესაქმის მითს-მიწას განასახიერებს საკურთხევლის საძირკვლის თიხა,საწყის წყლებს მასთან შერეული წყალი,ატმოსფეროს-საკურთხევლის გვერდითი კედლები. ქრისტიანობაში ეკლესია ქმნის ქრისტეს შობის,აღდგომის, საიდუმლო სერობის ზიარების სახით განმეორებისათვის და საგანგებო რიტუალებისათვის მოსახერხებელ სივრცეს.


შენობათა სტრუქტურასაც შეუძლია მითის გამოხატვა ან ასახვა. მალის დოგონებში ყოველი სახლის ბეღელი იმეორებს შესაქმის მეოთხე დღეს ციდან დაშვებული წმინდა მიწის ბატონის ბეღელს. ბეღელი მათთვის არის ქალის ნაყოფიერი ფიგურა და «მსოფლიოს მუცელი». სხვა მითებთან კავშირში ის გაყოფილია რვა შიდა სივრცედ რომლებშიც უნდა შენახული იყოს ღმერთის მიერ 8 წინაპრისთვის მიცემული 8 თესლი. ეს სივრცეები აგრეთვე განკუთვნილია სხეულის 8 შინაგანი ორგანოსათვის. ეს მითები ხელახლა გაცხადებულია რიტუალებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში მარცვლისადმი,თესლისადმი პატივისცემაში. ისევე როგორც ვედური საკურთხევლის თუ ქრისტიანული ეკლესიის შემთხვევაში დოგონთა ბეღელის მიერ გამოხატული რელიგიური მნიშვნელობა გადაცემულია მოთხრობებით თუ მითებით, რომელთა გაგებაც შეიძლება მრავალ დონეზე . საკრალური, წმინდა შენობა იძლევა მათი გაგებისათვის საჭირო რუკას, ათვლის წერტილს და სივრცეს მათ განსაცდელად.


ადგილები და მითები ზოგჯერ უახლოვდება, ემთხვევა ერთმანეთს.
ცენტრალურ ამერიკაში მათმა ღმერთმა უიტცილოპოტჩტლიმ გადასახლებულ აცტეკებს ურჩია კაქტუსზე დამჯდარი და გველის მჭამელი არწივის მონახვა:
ამ ნიშანს უნდა ეჩვენებინა მათთვის მათი დასახლების ადგილი. მათ არწივი ნახეს ტბა ტექსკოკოს (ფრანგული ტრანსკრიფციით-Texcoco) ერთ კუნძულზე და იქ ააგეს თავისი დედაქალაქი ტენოჩტიტლანი.


ტაძრის მშენებლობა იმდენად დატვირთულია აზრით და მნიშვნელობით რომ
მისი გეგმები ხშირად ითვლება ღვთაებრივ გამოცხადებად. ძველ ერაყში
(ძვ.წ.2100 წლისთვის) ლაგაშის მეფე გუდეამ ქალაქის მფარველი ღმერთი ნინგირსუს ტაძარი ააგო სიზმარში ნანახი ხილვის შემდეგ : აქ იყო კაცი, ის ცას სწვდებოდა,მისი წონა დედამიწას უდრიდა... მან მიბრძანა მისთვის ტაძრის აგება...» ეს იყო ნინგირსუ, რომელმაც გუდეას გაუმხილა ტაძრის დეტალური გეგმა. მეფის გამომსახველი ამ ხანის ქანდაკებები მას წარმოადგენენ მუხლებზე გეგმით.


14.‏
     
მაიათა ბურთის თამაში, ცენტრალური ამერიკა:


მაიათა ცივილიზაცია ყვაოდა X საუკუნემდე. მის დასახლებებს სხვა მეზოამერიკული ცივილიზაციების დასახლებების მსგავსად ჰქონდა ღია ცის ქვეშ საბურთაო მოედანი რომელზეც ბურთის თამაშის ფორმით წარმოადგენდნენ ხოლმე კოსმიურ მითს.

ეს თამაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული რეგიონის ხალხების იმ რწმენასთან რომლის თანახმადაც ვარსკვლავთა მოძრაობის უწყვეტობის შესანარჩუნებლად აუციებელი იყო მსხვერპლად ადამიანის სისხლის და გულების შეწირვა. თამაში ძალიან გავრცელებული იყო როგორც სპორტი, მაგრამ ზოგი ცერემონიის დროს ომის ტყვეებს და უცხოელ მეფეებს აიძულებდნენ თამაშს და წაგების შემთხვევაში მათ კვეთდნენ თავს.

ორი გუნდი ერთმანეთს აწოდებდა კაუჩუკის ბურთს ისე რომ ბურთი არ უნდა დავარდნილიყო ძირს. წესები და მოთამაშეთა რაოდენობა ცვალებადი იყო, მაგრამ როგორც წესი მოთამაშეები ბურთს არ უნდა შეხებოდნენ ხელით და ბურთი უნდა მიეწოდებინათ ტორსით, თეძოებით და მუხლებით.

მაიათა მითში მსოფლიოს საუკეთესო მობურთავე ტყუპები მათი ბურთის ხმაურით აწუხებენ ქვესკნელის სიკვდილის ბატონებს. მიწვეულები,ისინი თამაშობენ ბატონების წინააღმდეგ, აგებენ და მათ მსხვერპლად სწირავენ. ბოლოს და ბოლოს ტყუპები ადიან ცაში და იქცევიან მარად ჩამავალ და ამომავალ მზედ და მთვარედ. ლეგენდის სხვა ვერსიები ტყუპებს უკავშირებენ ვენერას, რომელიც ერთდროულად არის როგორც დილის ისე საღამოს ვარსკვლავი.

    15.‏
სხეული, გეგმა და პროპორცია:


შენობები ხშირად ითვლება არა მხოლოდ კოსმოსის არამედ ადამიანის სხეულის ასახულობად. შეიძლება ვიფიქროთ ისიც რომ ეს შესაბამისობა არის მათი საკრალური,წმინდა ხასიათის ნაწილი. მეგალითურ აკლდამებს ზოგჯერ ჰქონდათ ადამიანის სხეულის ფორმა,მათი შინაგანი სივრცე ჰგავდა საშოს.
ადამიანები ალბათ ფიქრობდნენ რომ მიცვალებული ისევ უნდა გაჩენილიყო, ისევ უნდა დაბრუნებულიყო ცოცხალთა სამყაროში. დელფოს ბერძნულ სალოცავს,ისევე როგორც მექას ქააბას უწოდებდნენ სამყაროს ჭიპს და ინდოეთში შივასადმი მიძღვნილი ყოველი ტაძრის ცენტრში არის ღმერთი შივას ლინგამი (ფალუსი). მალის დოგონებში სახლის გეგმა წარმოადგენს სექსუალური აქტის დროს გვერდზე წამოწოლილი ადამიანს. სამზარეულო არის მისი თავი, ცენტრალური ოთახი არის მისი მუცელი და სალესავი ქვები-სქესობრივი ორგანოები.


სხეულისა და შენობის შესაბამისობა განსაკუთრებით ძლიერია მთავარ მითოლოგიურ თუ ისტორიულ პერსონაჟზე დაფუძნებულ ზოგ რელიგიაში. ქრისტიანული ეკლესია წარმოადგენს განკაცებული ღმერთი ქრისტეს სხეულს. მრავალი ეკლესიის ჯვრული გეგმა განასახიერებს ჯვარცმული ქრისტეს სხეულს. მღვდელი ატარებს წირვას თავის ადგილას,სადაც იღებენ ქრისტეს სისხლსა და სხეულს.


ქრისტე წარმოადგენს ღმერთსაც და ადამიანსაც; ბიზანტიურ ეკლესიებში სხეულის სიმბოლიზმი უფრო განზოგადებულია. ნავი ადამიანის სხეულის, აფსიდა სამშვინველის და საკურთხეველი სულის სიმბოლოებია.


ანალოგიური სიმბოლიზმი ჭარბობს ინდუისტურ ტაძარში,რომლის კლასიკური ტიპი აგებულია ვასტპურუშა მანდალას შესაბამისად. ვასტპურუშა მანდალა არის
64-81 კვადრატის დიაგრამა, რომელშის ჩახატულია საწყისი კოსმიური ადამიანის
(პურუშას) სხეული... ზოგი ინდუისტი ტაძრის კარიბჭეში ხედავს პირს, გუმბათში-თავს...


წმინდა, საკრალურ შენობაში ხშირად არის ადამიანის სხეული ამ სიტყვის
პირდაპირი მნიშვნელოით. ბუდისტურ სტუპებში არის რელიქვია, როგორც წესი ბუდას თუ რომელიმე წმინდანის სხეულის ფრაგმენტი. ანალოგიური რელიქვიები არის ქრისტიანულ ეკლესიებშიც სადაც წმინდანთა და მარტვილთა სხეულების ნაწილები ჩადგმულია საკურთხეველში.

ვასტპურუშა მანდალაში გამოხატული საკრალური არქიტექტურის გეომეტრია არსებობს სხვა ტრადიციებშიც. ძვ.წ. პირველ საუკუნეში რომაელმა ხუროთმოძრვარმა და ნჟინერმა ვიტრუვიუსმა წარმოადგინა ადამიანის სხეულის პროპორციებზე დაფუძნებული არქიტექტურული გეომეტრია. მისი იდეები აღორძინდა ა.წ. XV-XVI საუკუნის იტალიაში. აღორძინების ხანის აქიტექტორებმა წაიკითხეს ვიტრუვიუსი და მისი იდეები განავითარეს არითმეტიკის, გეომეტრიის და ჰარმონიის ღრმა თეორიებში...


საკრალური და სოციალური განზომილებები:


რელიგია არ ეხება მარტო ადამიანის და ღვთაებრივის ურთიერთობას. ის ეხება ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობასაც. სოციალური ურთიერთობები ხშირად ბაძავენ ღვთაებრივ მოდელებს და საკრალური, წმინდა შენობები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ განსხვავებებს სასულიერო და საერო პირებს, მამაკაცებს და ქალებს, გაბატონებულ და დაქვემდებარებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. საკრალური შენობები ხშირად ეხმარება ამ განსხვავებების
შექმნას და განმტკიცებას. თვითონ საზოგადოების სტრუქტურა გავლენას ახდენს საკრალური არქიტექტურის სტრუქტურაზე. საკრალური შენობები მათი კონსტრუქციის, მათი ორნამენტაციის და გამოყენების მეშვეობით ყვებიან
რელიგიურ რწმენათა შესახებ, უფრო გასაგებს ხდიან ამ რწმენებს და აძლიერებენ მათ.


აკრალურის კონეფცია არ შემოიფარგლება მხოლოდ საკულტო შენობებით.
მრავალ საზოგადოებაში, წმინდა, საკრალური არის საცხოვრებელი სახლიც ვინაიდან ოჯახური ცხოვრების ცენტრი კერიის ირგვლივ არის ადგილი საიდანაც საკრალური, წმინდა ღირებულებები გადაეცემა თაობებს. მრავალ საზოგადოებას არა აქვს ცალკე მდგომი ტაძარი. მთელი მათი არქიტექტურა ამდენად საკრალურია და გამოხატავს თვითონ სამყაროსათვის შინაგანად დამახასიათებელ სიწმინდეს ( გაგრძელება იქნება).


Комментариев нет:

Отправить комментарий